Guardian-ი: აბრამოვიჩმა სანქციებს $4 მილიარდი გაარიდა

გაზეთ The Guardian-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ვარაუდობენ, რომ რუსმა ბიზნესმენმა რომან აბრამოვიჩმა უკრაინაში ომის დაწყებამდე თავისი აქტივების უდიდესი ნაწილი ოფშორში გადაიტანა.

Guardian-ის მიერ ნანახი ფაილები აჩვენებს, რომ აბრამოვიჩის ინტერესებისთვის შექმნილ 10 ოფშორული კომპანიაში რეორგანიზაცია 2022 წლის თებერვლის დასაწყისში, სამი კვირით ადრე განხორცილდა, სანამ რუსეთმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო.

აბრამოვიჩის ფინანსური საქმეების მასიური რეორგანიზაცია რამდენიმე დღის შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობები დაემუქრნენ რუს ოლიგარქებს სანქციების დაწესებით, იმ შემთხვევაში თუ „სამხედრო ოპერაცია“ დაიწყებოდა.

აბრამოვიჩის შვიდი შვილი, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ცხრა წლისაა, გახდნენ ტრასტების ბენეფიციარები, რომლებსაც აქვთ მინიმუმ 4 მილიარდი დოლარის აქტივები, მათ შორის ძვირადღირებული უძრავი ქონება და სუპერიახტების, ვერტმფრენების და კერძო თვითმფრინავების ფლოტი.

დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მთავრობებმა აბრამოვიჩს, პუტინთან ახლო ურთიერთობების გამო „პროკრემლისტური ოლიგარქი“ შეარქვეს და სანქციები 2022 წლის მარტში დაუწესეს.

აბრამოვიჩმა უარყო ფინანსური კავშირები კრემლთან და ევროკავშირის ზომების გაუქმების შესახებ სარჩელი შეიტანა.

აბრამოვიჩი, რომელსაც ერთდროულად რუსეთის, ისრაელისა და პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს, აშშ-ის სანქციების სიაში არ შედის.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ თეთრ სახლს სთხოვა, არ დაეწესებინა სანქციები მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი სამშვიდობო მოლაპარაკებებში არაოფიციალური შუამავალი გახდა.

როგორც ჩანს, ფაილები მოპოვებულია კვიპროსში დაფუძნებული ოფშორული სერვისის პროვაიდერის გატეხვით, რომელიც მართავს აბრამოვიჩის ტრასტებს. დოკუმენტების დიდი ქეში ანონიმურად გადაეცა Guardian-ს.

ფაილებიდან ჩანს, რომ 2022 წლის თებერვალში, JI-ის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, აბრამოვიჩი გარიცხეს FBI-ს მიერ გამოვლენილი ორი ტრასტის ბენეფიციარებიდან. ამასობაში მისი შვილები მამის სასარგებლოდ შექმნილი რვა დამატებითი ტრასტის ბენეფიციარებად დანიშნეს.

სანქციების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ცვლილებები შესაძლოა, „მიზანმიმართული იყო, მაგრამ არა უკანონო“.

მათი თქმით, რეორგანიზაციამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას ხელისუფლებას, რომელიც ახლა ამუშავებს აქტივებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აბრამოვიჩის საკუთრება იყო, რადგან ისინი განსაზღვრავენ, თუ ვინ ფლობს და აკონტროლებს მრავალმილიარდ დოლარიან ქონებას: ოლიგარქი თუ მისი შვილები?

აბრამოვიჩმა და მისმა შვილებმა The Guardian-ს ამ კითხვაზე არ უპასუხეს. 

რომან აბრამოვიჩი რუსეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ი მის დღევანდელ ქონებას 6,9 მილიარდ დოლარად აფასებს. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აბრამოვიჩს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, შვეიცარიამ, კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ.

აბრამოვიჩს შვიდი შვილი ჰყავს. ხუთი მათგანი სრულწლოვანია. ყველაზე უმცროსი ცხრა წლისაა.