რუსეთმა უკრაინას შესაძლოა, ზავის „კორეული სცენარი“ შესთავაზოს

რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, უკრაინას ზავის „კორეული სცენარი“ შესთავაზოს, რაც ქვეყნის დაყოფას ნიშნავს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა უკრაინის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, დიმიტრი კოზაკი ყოფილ პოლიტიკოსებს ევროპაში ხვდება და მათი მეშვეობით გადასცემს გზავნილს, რომ რუსები მზად არიან, წავიდნენ დათმობებზე, რათა არსებული სტატუს კვო გამოასწორონ და აიძულონ უკრაინა, ზავს დათანხმდეს.

ამავდროულად, დანილოვმა აღნიშნა, რომ ბოლო შეხვედრის დროს კორეის წარმომადგენლებმა განაცხადს, რომ კორეის ნახევარკუნძულის ორ ნაწილად დაყოფა 38-ე პარალელის გასწვრივ შეცდომა იყო, რადგან 1950-იან წლებში ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას შორის ომის დასრულების შემდეგ მიღებული დათმობები ამჟამად პრობლემებს ქმნის.

„ამჟამად გვთავაზობენ კორეულ სცენარს. ეს არის პირობითად „38-ე პარალელი“. რუსები ახლა ყველაფერს მოიგონებენ. ზუსტად ვიცი, რომ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც მათ შეუძლიათ, შემოგვთავაზონ, სწორედ „38-ე პარალელია“, - განაცხადა დანილოვმა.