უკრაინული მედია უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრი კასიანოვის სტატიას აქვეყნებს, რომლის თანახმად, კიევმა თბილისს სთხოვა „ბუკის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების გადაცემა, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა.
მისივე განცხადებით, უკრაინის თხოვნა მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გადაცემულ Javelin-ის სისტემებს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებით იყო არამხოლოდ თანხმობა შეერთებული შტატების მხრიდან, არამედ მათი ახალი კომპლექსებით ჩანაცვლების წინადადებაც.
„უკრაინული მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორის, მათ შორის საქართველოს მიმართ იარაღის, სამხედრო აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხში. კერძოდ, კიევმა ითხოვა „ბუკის“ კომპლექსების გადაცემა, რომლებიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა“.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ კატეგორიული უარი თქვა სამხედრო დახმარებაზე, უკრაინა ამ საკითხის შიდა პოლიტიკურ დავებში გამოყენების წინააღმდეგია და უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობის შესახებ“, - განაცხადა კასიანოვმა.