NATO-მ და ევროკავშირმა თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს. როგორც Europetime-ს NATO-დან აცნობეს, დოკუმენტი ხელმოწერილია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ.
„NATO-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობა დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებებზე, გადაწყვეტილებაზე, გავუმკლავდეთ საერთო გამოწვევებს და ჩვენს ცალსახა ვალდებულებას, ხელი შევუწყოთ და დავიცვათ მშვიდობა, თავისუფლება და კეთილდღეობა ევროატლანტიკურ სივრცეში. რუსეთის სასტიკი ომი უკრაინაში. საერთაშორისო კანონს და გაეროს წესდების პრინციპებს არღვევს; ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. რუსეთის ომმა გაამწვავა სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც გავლენას ახდენს მილიარდობით ადამიანზე მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია დოკუმენტის პირველ პუნქტში.
„დღეს ჩვენ ვდგავართ ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმძიმესი საფრთხის წინაშე ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, - ვკითხულობთ მეორე ნაწილში. დოკუმენტი სულ 14-პუნქტიანია და Europetime მის სრულ თარგმანს გთავაზობთ.
3.ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის აგრესიას. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ომი და დატოვოს უკრაინა. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას და ვიმეორებთ ჩვენს ურყევ და მუდმივ მხარდაჭერას მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის უფლებას, დაიცვას თავისი თავი და განსაზღვროს საკუთარი მომავალი.
4. ავტორიტარი აქტორები გამოწვევებს უქმნიან ჩვენს ინტერესებს, ღირებულებებს და დემოკრატიულ პრინციპებს, პოლიტიკური, ეკონომიკური, ტექნოლოგიური თუ სამხედრო გზის გამოყენებით.
5. ჩვენ ვცხოვრობთ მზარდი სტრატეგიული კონკურენციის ეპოქაში. ჩინეთის მზარდი თავდაჯერებულობა და პოლიტიკა წარმოადგენს გამოწვევებს, რომელთა გადაწყვეტაც გვჭირდება.
6. მუდმივი კონფლიქტი, სიმყიფე და არასტაბილურობა ჩვენს ევროპულ სამეზობლოში, ძირს უთხრის ჩვენს უსაფრთხოებას და სტრატეგიულ კონკურენტებს, ისევე როგორც ტერორისტულ ჯგუფებს გავლენის მოსაპოვებლად, ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის.
7. როგორც NATO-ს სტრატეგიულ კონცეფციაში და ევროკავშირის სტრატეგიულ დოკუმენტშია ხაზგასმული, ეს არის ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკვანძო ეტაპი, რომელიც უფრო მეტად ასახავს ტრანსატლანტიკური კავშირის მნიშვნელობას და მოითხოვს ევროკავშირ-NATO-ს მჭიდრო თანამშრომლობას.
10. 2016 წლის ვარშავის ერთობლივი დეკლარაციისა და 2018 წლის ბრიუსელის ერთობლივი დეკლარაციის საფუძველზე, რომელმაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ოც წელზე მეტი ხნის წინ დამყარებული ჩვენი პარტნიორობა, ჩვენ მივაღწიეთ უპრეცედენტო პროგრესს თანამშრომლობის ყველა სფეროში.