საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ

სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას პირადობის მოწმობებით შეძლებენ. „არმენპრესის“ ინფორმაციით, მოქალაქეებს საზღვრის კვეთისას პასპორტის წარდგენა აღარ მოუწევთ. 

სომხეთის მედიის ცნობით, მთავრობის მორიგ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა დასამტკიცებლად წარადგინა წინადადების პროექტი სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის [ორივე ქვეყნის მოქალაქეების] უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შესახებ.

„მეზობელ საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობების დამყარება, სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ეს არის ასახული მთავრობის გეგმაში. პრაქტიკაში არის ინტენსიური კონტაქტები ყველა დეპარტამენტს შორის სხვადასხვა დონეზე.

საქართველო ასევე არის ჩვენი მოქალაქეებისთვის მივლინებებისა და დასვენების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. 2019 წელს საქართველოს სომხეთის რესპუბლიკის 1 365 000 მოქალაქე ეწვია. რა თქმა უნდა, პანდემიის გამო გარკვეული კლება იყო. ვფიქრობთ, რომ დინამიკა უახლოეს მომავალში აღდგება“, - განაცხადა მირზოიანმა.

ნიკოლ ფაშინიანი ამ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანად მიიჩნევს, თუმცა მისი თქმით, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებამ გარკვეული რისკები გამოიწვიოს, რაზეც ქართველ პარტნიორებთან ეფექტიანი მუშაობა გაგრძელდება.

„მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ველოდებით ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით. სომხეთისა და საქართველოს შემდეგი მთავრობათაშორისი შეხვედრა ერევანში გაიმართება. ამ შეხვედრის ფარგლებში ვიმედოვნებთ, რომ ამ შეთანხმებას მოვაწერთ ხელს“, - განაცხადა პრემიერმა.