2023 წელი რთული იქნება, მაგრამ სანამ ადამიანებს სამუშაოები ექნებათ, ეკონომიკა შენარჩუნდება, - ამბობს სავალუტო ფონდის დირექტორი კრისტალინა გეორგიევა.
მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ეკონომიკაში რთული პერიოდი გრძელდება, საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) არ გეგმავს 2023 წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის კიდევ ერთხელ შემცირებას, რომელიც ამჟამად 2,7 პროცენტია.
ამის შესახებ დღეს, ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.
მისი თქმით, 2023 წელი გლობალური ეკონომიკისთვის კიდევ ერთი რთული წელი იქნება და ინფლაციის დამარცხება ვერ მოხერხდება, თუმცა თუ გაუთვალისწინებელი მოვლენები არ მოხდება, პროგნოზების გაუარესება აღარ იქნება საჭირო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი მსოფლიო უფრო მეტადაა მიდრეკილი კრიზისისკენ და მსოფლიო საზოგადოება მზად უნდა იყოს ყველაზე მოულოდნელი რისკებისთვის, კერძოდ კლიმატის კატასტროფებისთვის, ძლიერი კიბერშეტევებისთვის ან რუსეთის ომის ესკალაციისთვის უკრაინაში, მაგალითად, არის ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების რისკიც.