შუა დერეფნის სატრანზიტო შესაძლებლობებს, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავენ

დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ერთ-ერთი პანელური დისკუსია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) განვითარების პერსპექტივებს მიეძღვნება.

ორგანიზაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ 19 იანვარს ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ, თუ როგორ მოერგებიან სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები უკრაინის ომის შედეგებს, გააფართოვებენ სატრანსპორტო თანამშრომლობას, ინვესტირებას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაში. 

ამასთან, როგორ შეუძლიათ ევროპასა და აზიას დაამყარონ ეფექტური პარტნიორობა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში.

წელს WEF მუშაობას 16 იანვარს დაიწყებს. დავოსის ფორუმის მთავარი თემა იქნება „თანამშრომლობა დაშლილ სამყაროში“.

თავად ორგანიზატორების თქმით, ფორუმი ჩატარდება „ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე რთულ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ფონზე“.

ფორუმს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ასევე გერმანიის, პოლონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, კოსტა-რიკის პრეზიდენტები და სხვა მაღალჩინოსნები დაესწრებიან.

დავოსის ეკონომიკური ფორუმი 20 იანვარს დასრულდება.

შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი.

TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.