KazMunayGas-მა და Abu Dhabi Ports Company-მ ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, რომელიც საზღვაო ფლოტისა და სანაპირო ინფრასტრუქტურის განვითარებაში კასპიისა და შავი ზღვებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
დოკუმენტს ხელი მოეწერა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში (UAE) ვიზიტის ფარგლებში. ამის შესახებ ყაზახეთის მედია იტყობინება.
დოკუმენტის მიხედვით, მხარეები ასტანას საერთაშორისო ფინანსურ ცენტრზე დაფუძნებულ ერთობლივ საწარმოს შექმნიან, რომელიც კასპიის ზღვაში ნავთობისა და გაზის ოფშორული პროექტებისთვის საზღვაო მომსახურებას უზრუნველყოფს.
მხარეები ერთობლივ საწარმოში მონაწილეობას აპირებენ შვილობილი კომპანიების Kazmortransflot-ისა და International Maritime Investments Ltd-ის მეშვეობით.
შეთანხმების თანახმად, მხარეები შექმნიან ფლოტს კასპიის ზღვაში ოფშორული პროექტების მხარდასაჭერად. ასევე ტანკერების ფლოტს, ყაზახური ნავთობის ექსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტების შემუშავების გათვალისწინებით. კერძოდ, აქტაუს პორტიდან აზერბაიჯანის მიმართულებით.
გარდა ამისა, JV მონაწილეები შეისწავლიან სავაჭრო ფლოტის შექმნის შესაძლებლობებს: საკონტეინერო ბორნების მშენებლობას ან შეძენას (ტრანზიტი ჩინეთიდან ევროპაში ტრანსკასპიური მარშრუტით) და (მშრალი ტვირთის) გემებით ჩრდილოეთ-სამხრეთის გასწვრივ ზოგადი ტვირთების გადაზიდვაში მონაწილეობის მისაღებად.
„ამ შეთანხმების ფარგლებში იქმნება ერთობლივი საწარმო, რომელიც 2023 წლიდან აქტიურად ჩაერთვება ყაზახეთში საინვესტიციო პროექტებში. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამოვიყენებთ აბუ დაბის პორტების გამოცდილებას ოფშორული ნავთობისა და გაზის საბადოების განვითარების პროექტების, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მომსახურებაში“, - განაცხადა KazMunayGas-ის გამგეობის თავმჯდომარემ მაგზუმ მირზაგალიევმა.