ყაზახეთი რამდენიმე ქვეყნისა და მათ შორის რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში ყოფნის ვადებს ამცირებს

ყაზახეთის მთავრობამ. ემიგრანტებისთვის ქვეყანაში შესვლისა და ყოფნის წესები გაამკაცრა. მთავრობამ შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს გამოაქვეყნა.

კერძოდ, უვიზო ემიგრანტებს შეეძლებათ ყაზახეთში დარჩენა საზღვრის გადაკვეთის დღიდან 30 დღემდე, ჯამში - 90 დღე ყოველი 180 კალენდარული დღის განმავლობაში.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელშიც შედის რუსეთი, ახალი წესები ითვალისწინებს ყაზახეთში 90 დღის განმავლობაში დარჩენას [180 დღიანი პერიოდის განმავლობაში].

ამრიგად, ახალი წესების მიხედვით, შეუძლებელი იქნება ყაზახეთიდან გასვლა და უკან დაბრუნება, ანუ შეუძლებელი იქნება ე.წ. „ვიზარანის“ (Visa Run – საზღვრის გადაკვეთა ლეგალური ყოფნის ვადების განახლებისთვის) განხორციელება.

ახალი წესები 26 იანვრიდან ამოქმედდება, იუწყება „რადიო თავისუფლების“ ყაზახური სამსახური.

ყაზახეთი რუსების ემიგრაციის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად იქცა მას შემდეგ, რაც სექტემბერში უკრაინაში ომისთვის მობილიზაცია გამოცხადდა.

FSB-ის სასაზღვრო სამსახურის მონაცემებით, გასული წლის მესამე კვარტალში რუსეთის თითქმის 1,3 მილიონი მოქალაქე გაემგზავრა ყაზახეთში, აღნიშნავს მედიაზონა.

კიდევ ერთი ასეთი მარშრუტი უვიზო რეჟიმისა და ბინადრობის ნებართვის მიღების მარტივი პროცედურის გამო საქართველო იყო.