ჩვენ არ ვართ იდეალურები, თუმცა საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე - ზურაბიშვილი

"ჩვენ არ ვართ იდეალურები, თუმცა, ვფიქრობ, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოქსფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"ერთ-ერთი ვარ, ვინც აკრიტიკებს ქვეყნის შიგნით რეფორმების ნაკლებობას და ასევე კრიტიკულია, როდესაც ქვეყანა არ მიიწევს იმ მიმართულებით, საითკენაც უნდა მიდიოდეს. აშკარაა, რომ ჩვენ არ ვართ იდეალურები, თუმცა, ვფიქრობ, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე და ჩვენ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ, რადგან ეს არის სტრატეგიული გზავნილი რუსეთისთვის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.