უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი, დღეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის პირისპირ პირველად შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ზალუჟნიმ განაცხადა, რომ მილისთან შეხვედრა პოლონეთში გაიმართა.
„გენერალ მილის მადლობა გადავუხადე განუხრელი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის [...] მოვხაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწრაფო საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილება დააჩქარებს ჩვენს გამარჯვებას,“ - ამის შესახებ ზალუჟნიმ „ტელეგრამზე“ დაწერა.
გენერალმა მილიმ 16 იანვარს გერმანიაში მოინახულა ბანაკი, რომელშიც ამერიკელი სამხედროები უკრაინელებს წვრთნიან.
20 იანვარს გერმანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე რამშტაინში, უკრაინის მოკავშირეთა მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელზეც უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების გეგმები განიხილება.