რამშტაინის შეხვედრამდე სამი დღით ადრე, გენერალი ვალერი ზალუჟნი პირველად შეხვდა გენერალ მარკ მილის

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, გენერალი ვალერი ზალუჟნი, დღეს აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის პირისპირ პირველად შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ზალუჟნიმ განაცხადა, რომ მილისთან შეხვედრა პოლონეთში გაიმართა.

„გენერალ მილის მადლობა გადავუხადე განუხრელი მხარდაჭერისა და დახმარებისთვის [...] მოვხაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სასწრაფო საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილება დააჩქარებს ჩვენს გამარჯვებას,“ - ამის შესახებ ზალუჟნიმ „ტელეგრამზე“ დაწერა.

გენერალმა მილიმ 16 იანვარს გერმანიაში მოინახულა ბანაკი, რომელშიც ამერიკელი სამხედროები უკრაინელებს წვრთნიან.

20 იანვარს გერმანიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე რამშტაინში, უკრაინის მოკავშირეთა მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელზეც  უკრაინისთვის შემდგომი სამხედრო დახმარების გეგმები განიხილება.