ლევან დავითაშვილი: ჩვენ დავოსის ფორმატი გამოვიყენეთ, მათ შორის ანაკლიის პროექტისთვის პოტენციურ პარტნიორებთან სასაუბროდ

ჩვენ დავოსის ფორმატი გამოვიყენეთ, მათ შორის ანაკლიის პროექტისთვის პოტენციურ პარტნიორებთან სასაუბროდ. ჩვენ ფორმალურ პროცესს, კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად, უკვე მომავალი კვირიდან დავიწყებთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ინტერესთა გამოხატვის ეტაპზე, ჩვენ ფორმალურად შევარჩევთ დაინტერესებულ კომპანიებს, თუმცა არაფორმალურად ჩვენ ბევრ კომპანიასთან გვაქვს კომუნიკაცია. დარწმუნებულები ვართ, რომ შემდგომში გვეყოლება საიმედო და საინტერესო ინვესტორი პარტნიორი. იქიდან გამომდინარე, თუ ვინ იქნება ჩვენთვის ყველაზე მისაღები, ისევ და ისევ საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, იმ კომპანიასთან გვექნება თანამშრომლობა“, - განაცხადა დავითაშვილმა.


ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. 

2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს

2021 წლის 6 ივლისს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. 

2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს. 

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს.

2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.

მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს.

ასევე წაიკითხეთ 

ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა