ყაზახეთში დეპუტატმა აზამატ აბილდაევმა, საპარლამენტო მანდატი მას შემდეგ დაკარგა, რაც ერთ-ერთი რადიოს ეთერში რუსეთს მხარი დაუჭირა და უკრაინის ხელისუფლებას ნაცისტები უწოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორი დამოკიდებულება აქვს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის სიკვდილთან დაკავშირებით, დეპუტატმა აბილდაევმა თქვა, რომ შეიარაღებულ კონფლიქტში მსხვერპლის თავიდან აცილება შეუძლებელია.
ამ ფაქტის შემდეგ აზამატ აბილდაევი სასწრაფოდ გარიცხეს პარტიიდან და შემდეგ დეპუტატის მანდატიც დაატოვებინეს.
ყაზახეთის დემოკრატიული პარტიის „აკ ჟოლის“ ეროვნული საბჭოს წევრებმა პრესრელიზში აღნიშნეს, რომ გარიცხული დეპუტატის სიტყვები ეწინააღმდეგება მათ პოზიციას და არღვევს პარტიისა და დეპუტატის ეთიკას.
„პარტიის პრეზიდიუმმა განაცხადა, რომ „აკ ჟოლი“ ყოველთვის პატივს სცემს და მხარს უჭერს ყაზახეთის რესპუბლიკისა და სხვა მეგობარი სახელმწიფოების დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - ნათქვამია პარტიის პრესრელიზში.