ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) რეგიონულ დირექტორს, შეინ როზენტალს, ADB-ის მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის დირექტორს, ბრიუს დანისა და ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრას დაესწრო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.
ADB აპირებს განაახლოს 2009 წლის უსაფრთხოების პოლიტიკის დებულება, რომელიც შესაბამისობაში იქნება ADB-ის 2030 წლის სტრატეგიასთან და მისი ოპერაციული პრიორიტეტების გეგმებთან.
შეხვედრის მიზანია, დაინტერესებული მხარეები გააცნონ განახლებული პოლიტიკის მიდგომებსა და მიმართულებებს, რათა ბანკის წევრმა ყველა ქვეყანამ შეძლოს უფრო ეფექტური მონაწილეობის მიღება განხილვის პროცესში.
უსაფრთხოების პოლიტიკის დებულება მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: გარემოსდაცვითი და სოციალური რისკებისა და ზემოქმედებების შეფასება და მართვა, შრომისა და სამუშაო პირობები, დაბინძურების პრევენცია და რესურსების ეფექტიანობა, ჯანდაცვა და უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნება და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, კულტურული მემკვიდრეობა და სხვა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ყველა ამ მიმართულებით საქართველო მზადაა აქტიური თანამშრომლობისა და პოზიციების შეჯერებისთვის.