NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ალიანსში გერმანიის ძლიერი წვლილი და უკრაინისადმი ბერლინის მხარდაჭერა შეაქო. ამის შესახებ Europetime-ს NATO-დან აცნობეს.
მისივე ინფორმაციით, ბერლინში ვიზიტისას იენს სტოლტენბერგმა თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუსს ალიანსში გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილისთვის და უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე გამოყო გერმანია იმ მოკავშირეებს შორის, რომლებიც უკრაინას ყველაზე მეტ სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და საბრძოლო მასალებით. სტოლტენბერგმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ „გერმანიის იარაღი უკრაინაში ყოველდღიურად იხსნის სიცოცხლეს“.
სტოლტენბერგმა ასევე შეაქო მოკავშირე ქვეყნების ბოლო განცხადებები, რომლებიც უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას გულისხმობს, მათ შორის ტანკების მიწოდების გზით.
„ამ გადამწყვეტ მომენტში, ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას უფრო მძიმე და მოწინავე სისტემები და ეს უფრო სწრაფად უნდა გავაკეთოთ“.
სტოლტენბერგი მიესალმა მინისტრ პისტორიუსთან დისკუსიას, რომელიც საბრძოლო ტანკების საკითხს მოიცავდა და აღნიშნა, რომ კონსულტაციები მოკავშირეებს შორის გაგრძელდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ გამოსავალი მალე გვექნება“, - დაამატა ალიანსის გენმდივანმა.
გენერალური მდივანი ბერლინში გერმანელ ბიზნეს ლიდერებთან ერთად, Welt-ის ეკონომიკურ სამიტს დაესწრო. მან უკრაინის მხარდაჭერის, თავდაცვის ინვესტიციების და საზოგადოების გამძლეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
თავის მხრივ, გერმანია გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი ძალიან მალე გადაწყვეტს, დაუშვებს თუ არა უკრაინისთვის Leopard2-ის ტიპის ტანკების მიწოდებას. მისი თქმით, თუ ტანკების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოხდება, გერმანია შეძლებს ძალიან მალე იმოქმედოს.
„ვამზადებთ გადაწყვეტილებას, რომელსაც ძალიან მალე მივიღებთ“, - განაცხადა პისტორიუსმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ გერმანია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ საკითხზე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მსჯელობს.
„ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით წვრთნების დაწყებას, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ, ვიდრე არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოვიქცეთ ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გერმანელმა მინისტრმა.
შეგახსენებთ, პოლონეთმა გერმანიას უკრაინისთვის leopard2 ტიპის ტანკების გადაცემის თხოვნით ოფიციალურად მიმართა.