საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს, უკრაინის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს.
როგორც თალაკვაძემ განმარტა, ასეთი ტიპის შეფასებები აცილებულია რეალობას, ვინაიდან, საქართველოს რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.
„ეს ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა უკრაინაში, საქართველოში და საზღვარგარეთად ძალიან კარგად იციან. გვაქვს კარგი თანამშრომლობა ჩვენს მეგობრებთან, კოლეგებთან უკრაინის რადაში და მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, ბევრიც წინ გვაქვს და დაგეგმილია ასევე არაერთი პროექტი, ამიტომ ამ ფონზე, ჩემთვის ალბათ უფრო მისაღები იქნებოდა კასიანოვს თავისი დიპლომატიური ძალისხმევა გაეგრძელებინა, რაც ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას ხელს შეუწყობს.
ეს განცხადება უფრო პოლიტიკურ შეფასებასა და პოლიტიკურ განცხადებას გავს, ვიდრე დიპლომატიურ ძალისხმევას. მესმის, ის არ არის ელჩი, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ახალი ელჩის ჩამოსვლამდე ის წარმოადგენს საელჩოს. იმედი მაქვს, ახალი ელჩი როდესაც შეუდგება საქმიანობას, ამ ტიპის დისონანსები მომავალში მაქსიმალურად იქნება დარეგულირებული და გამორიცხული, რადგან მეგობრობა ეფუძნება სამართლიან ურთიერთობებს. როდესაც ასეთი ტიპის საყვედურებს ვისმენთ, ეს ნამდვილად არ მიგვაჩნია სამართლიანად, თუმცა რა თქმა უნდა, საქართველო თავის პოლიტიკასა და თავის მხარდაჭერას არ შეცვლის უკრაინის მიმართ, თუნდაც ბატონი კასიანოვის განცხადების გამო.
ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, როდესაც ომი დასრულდება და მშვიდობიანი დღეები დაბრუნდება, უკრაინის ხელისუფლება და უკრაინის საზოგადოება კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასებს იმას, რასაც საქართველო აკეთებს თავისი მეგობრისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, „რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს“.