უკრაინამ და საქართველომ, ორივემ გამოცადა რუსეთის აგრესია, მათ ერთად დგომისკენ მოვუწოდებთ - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
"რუსეთის საქართველოსთან კავშირის ისტორია, ეს არის ისტორია ღალატის, ოკუპაციის, ჩაგვრის, ზეწოლის. ჩვენ კარგად ვხვდებით საქართველოს ძალიან სენსიტიურ მდგომარეობას, იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთი ამ ქვეყნის მეზობელია. საქართველოს კარგად ახსოვს თავისი ისტორიიდან ის შეუსრულებელი პირობები, მათ შორის ერთ-ერთი ბოლო მაგალითი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც არ ასრულებს რუსეთი და არ გაჰყავს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან და კიდევ მრავალი სხვა.
საქართველომ, ქართველმა ხალხმა თანაგრძნობით უპასუხა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფით, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო უკრაინელი ხალხისთვის და ამას ძალიან აფასებენ უკრაინელები. უკრაინამ და საქართველომ ორივემ თავის თავზე გამოცადეს რუსეთის მოქმედება და ეს უნდა იყოს ის, რაც გააერთიანებს ამ ორ ქვეყანას, იმიტომ, რომ ორივე ქვეყანა დადგა საფრთხის წინაშე, რომ რუსეთს შეეძლო წაერთმია ტერიტორიული მთლიანობა, იდენტობა, კულტურა და ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ და ვურჩევთ უკრაინასა და საქართველოს ერთად დგომისკენ, იმიტომ, რომ თუ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ეს სარგებელს მხოლოდ რუსეთს მისცემს", - განაცხადა "აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა.