აშშ-მ დაჯგუფება „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა.
BBC-ის ცნობით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსული PMC „ვაგნერი“ საერთაშორისო კრიმინალური ჯგუფების სიაში ოფიციალურად შეიყვანა და მისი მთელი ამერიკული აქტივების გაყინვის ბრძანება გასცა.
აშშ-ს მთავრობამ ასევე დაასახელა რამდენიმე ადამიანი და სტრუქტურა, რომელთაც PMC Wagner-თან კავშირების გამო სანქციები დაუწესდათ.
ამერიკის ხელისუფლება ამ სტრუქტურას არა მხოლოდ უკრაინაში რუსეთის შეჭრაში მონაწილეობაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ჩადენილ კრიმინალურ ქმედებებშიც ადანაშაულებს.
„დაჯგუფება „ვაგნერის“ თანამშრომლები ჩართულნი არიან მიმდინარე კრიმინალურ ქმედებებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა (CAR) და მალიში, მათ შორისაა მასობრივი სიკვდილით დასჯა, გაუპატიურება, ბავშვების გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - ნათქვამია აშშ-ს ფინანსური დეპარტამენტის განცხადებაში.
ცნობისათვის, PMC Wagner-ი, რომელიც დაკავშირებულია ევგენი პრიგოჟინთან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ ბიზნესმენთან და უკრაინასთან ომის მხარდამჭერთან, 2014 წელს შეიქმნა და აქტიურობდა იქ, სადაც რუსეთს მნიშვნელოვანი ინტერესები აქვს.
ამ დაჯგუფების აქტივობა გამოიკვეთა სირიაში, ლიბიასა და ცენტრალურ აფრიკაში.
უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ PMC Wagner-ის მებრძოლები საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ.
PMC Wagner-ი და თავად ევგენი პრიგოჟინი უკვე იმყოფებიან აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ. მანამდე, ევროპარლამენტარებმა სამხედრო დაჯგუფების ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატება მოითხოვეს, მაგრამ დღემდე ეს მხოლოდ ესტონეთმა გააკეთა.