საქართველომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო წარმატებას მიაღწია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებულია.
„დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა. აუცილებელია ოპოზიციის ჩართულობაც, რადგან პოლარიზაციის დასრულება ოპოზიციის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, კარი გავხსნათ მათთვისაც, ეს დიალოგი უნდა იყოს კონსტრუქციული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მიაღწია რაც შეგვეძლო ბოლო 10 წელიწადში მიგვეღო - ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა და ახლა უკვე ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც ივნისში იქნა მიღწეული, სადაც ნათლად დადასტურდა ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ავსტრიას და პირადად ბატონ კანცლერს. ვაფასებთ ავსტრიის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.