რა საკითხები განიხილეს პრემიერმა და ავსტრიის კანცლერმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს კარლ ნეჰამერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები და არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

„ხაზი გაესვა საქართველოში ავსტრიის ფედერალური კანცლერის ვიზიტის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი ადასტურებს ავსტრიის რესპუბლიკის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და საქართველოს ავსტრიის მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ პარტნიორად წარმოაჩენს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც საერთო-ევროპულ ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ავსტრიის რესპუბლიკას საქართველოს სახით საიმედო პარტნიორი ჰყავს, რომელიც რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ ხელს უწყობს საერთო-ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების დაცვას მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ხაზი გაესვა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების დასაძლევად ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს კავკასიის რეგიონისა და ევროპის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის ისტორიული პროექტი. ხაზი გაესვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ხაზი გაესვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ავსტრიის რესპუბლიკის ურყევი პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა კარლ ნეჰამერს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი, მათ შორის, სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის ასპექტები ტურიზმისა და ენერგეტიკის მიმართულებით. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.


ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან, კარლ ნეჰამერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში ომი უდიდესი გამოწვევაა ევროპის კონტინენტზე.

„ასეთი მასშტაბის კრიზისი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენს ქვეყანას თავისი პრობლემები აქვს.

ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, 2008 წლის ომი, რა თქმა უნდა, დამანგრეველი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ამის შედეგია ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, აფხაზეთის, სამაჩაბლოს ე.წ. აღიარება და ოკუპაცია დღემდე გრძელდება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. ამ გამოწვევას სწორი, გონივრული პოლიტიკით ვპასუხობთ. მოვახერხეთ ბოლო 10 წელიწადში ის, რომ გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.