ირაკლი ღარიბაშვილი: კარლ ნეჰამერის ისტორიული ვიზიტი ადასტურებს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ავსტრიის ურყევ მხარდაჭერას

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.

ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ კარლ ნეჰამერის ისტორიული ვიზიტი ქვეყნებს შორის დინამიკურ თანამშრომლობას და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ავსტრიის რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს.

„მაქვს პატივი, ვუმასპინძლო ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს საქართველოში. ბატონი კარლ ნეჰამერის ისტორიული ვიზიტი ადასტურებს ორი ქვეყნის დინამიკურ თანამშრომლობას და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისადმი ავსტრიის რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას. ბევრ სხვა საკითხთან ერთად, განვიხილეთ სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები”, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღესვე, პრემიერმა ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტიკურ დონეზე უმაღლეს ნიშნულზეა ურთიერთობა ავსტრიასა და საქართველოს შორის.

„დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დადასტურებაა. კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ ჩვენს პატივცემულ სტუმარს. ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა იმის შესახებ, თუ როგორ გავაღრმაოთ ურთიერთობები სხვა მიმართულებით, როგორიც არის ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი და ინვესტიციები. საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა