პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 2023 წელს ქვეყანა თავდაცვის გაძლიერებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ს დახარჯავს.
„უკრაინის ომი გვაიძულებს კიდევ უფრო სწრაფად შევიარაღდეთ. ამიტომ, წელს ჩვენ მივიღეთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მშპ-ის ოთხი პროცენტს დავხარჯავთ პოლონეთის არმიისთვის", - განუცხადა მატეუშ მორავეცკიმ ჟურნალისტებს.
გასულ კვირას პოლონეთის პარლამენტმა მიიღო 2023 წლის ბიუჯეტი, რომელიც თავდაცვისთვის 97,4 მილიარდ ზლოტს ითვალისწინებს (22,5 მილიარდი დოლარი), რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს შეადგენს.
რა წყაროებიდან დაფინანსდება დამატებითი სამხედრო ხარჯები, მორავეცკიმ არ განმარტა.
უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ თავდაცვის ხარჯების ზრდის შესახებ ევროპის ბევრმა ქვეყანამ განაცხადა.
სამხედრო ხარჯების მინიმალური დონე, რომელზეც NATO-ს ქვეყნები რვა წლის წინ შეთანხმდნენ მშპ-ს 2%-ია, მაგრამ ბლოკის ბევრი სახელმწიფო ამ სტანდარტს ჯერ კიდევ ვერ პასუხობს.