ევროკავშირი: უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია

ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის შესახებ დასკვნები და პრიორიტეტები გამოაქვეყნა. დასკვნების თანახმად, რუსეთის არაპროვოცირებული, დაუსაბუთებელი და უკანონო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი მცდელობები, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა ძალის გამოყენებით, საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულ წესრიგს, ევროპულ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური წესრიგის დემოკრატიულ საფუძვლებს ეწინააღმდეგება.

ამ კონტექსტში, ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ უნდა გააძლიერონ ურთიერთობები როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით. დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები.

„ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა წარმოადგენს ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის განმტკიცებასაც ევროპის საბჭო აგრძელებს. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა.

ამ ქვეყნების და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ეს განახლებულ იმპულსს სძენს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში შემდგომ პროგრესს ამ ქვეყნებსა და უფრო ფართო რეგიონში“, - აღნიშნულია ტექსტში.