ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოთხოვნა ბოსნია-ჰერცეგოვინის მიმართ, რომ უარი თქვას რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმზე. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ბალკანურ სამსახურს ევროკავშირის წარმომადგენელმა განუცხადა.
ბალკანეთის ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დეკემბერში მიენიჭა. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში გაწევრიენების მისწრაფების ფარგლებში მოხდება ბოსნიის სანქციებისა და სავიზო პოლიტიკის გათანაბრება ბლოკთან.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ბოსნიაში ჩასული რუსების რაოდენობა ოქტომბერში 898-მდე გაიზარდა, როცა სექტემბერში მათი რიცხვი 299-ს შეადგენდა.
ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს და რუსებს ბოსნიაში 30 დღემდე შეუძლიათ დარჩენა. უფრო მეტიც, ქვეყანა ერთ-ერთია ევროპაში, სადაც არ არის აკრძალული ტურისტული ფრენები რუსეთიდან.
რესპუბლიკა სერბსკას პარლამენტის სპიკერმა, ნენად სტევანდიჩმა განაცხადა, რომ მიუღებელია ერთეულზე ზეწოლა იმ თემებთან მიმართებიც, რომლებსაც არ ეთანხმება.
„მე მაქვს რამდენიმე წერილი ევროკავშირის პარლამენტის კოლეგებისგან. მიუღებელია ზეწოლა იმ თემებზე, რომლებსაც არ ვეთანხმებით. არანაირი პირობა არ შეუწყობს ხელს ამ პროცესის დაწყებას“, - განაცხადა სტევანდიჩმა მედიის ცნობით.
30 იანვარს, ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტები გამოაქვეყნა, რომელშიც ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მხარდაჭერასა და მნიშვნელოვანი ინსტიტუტების გაძლიერებაში ევროპული საბჭოს მნიშვნელოვან როლს აღიარებს.