უკრაინის საგარეო უწყებამ უნგრეთის ელჩს „ორბანის ანტიუკრაინული რიტორიკის გამო“ მკაცრი პროტესტი გამოუცხადა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩი 27 იანვარს გამოიძახა და მკაცრი პროტესტი დააფიქსირა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უნგრელ დიპლომატს ხაზგასმით განემარტა, რომ ანტიუკრაინული რიტორიკა, რომელიც უნგრეთის ხელმძღვანელობის მხრიდან დიდი ხანია ისმის, აბსოლუტურად მიუღებელია და სერიოზულ ზიანს აყენებს უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობებს.
 
ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკრაინა, თავის მხრივ, მზად არის უნგრეთთან კონსტრუქციული კეთილმეზობლური ურთიერთობების გასავითარებლად.
 
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთის ელჩი პრემიერ-მინისტრ ორბანის დამამცირებელი კომენტარების გამო დაიბარა. ვიქტორ ორბანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას უკრაინა ავღანეთს შეადარა და „არავის ტერიტორია“ უწოდა.