დღეს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, სოფელ ველისციხეში მცხოვრებ ქალებს შეხვდა და გაიგო თუ როგორ ცდილობენ ისინი ახალი იდეებითა და დაუღალავი შრომით საკუთარი ოჯახების მდგომარეობის გაუმჯობესებასადა საზოგადოებისთვის უკეთესი პირობების შექმნას. ინფორმაციას USAID/Georgia ავრცელებს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს პოლიტიკური და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში მოსახლეობის ჩართულობის შესახებ.
„USAID აგრძელებს საქართველოსთან პარტნიორობას, რომლის ფარგლებშიც ხელს უწყობს საქართველოს მოსახლეობის კეთიდღეობას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში მცხოვრებ ქალებს, რათა მათ შეძლონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა და ამ გზით, ხელი შეუწყონ თავიანთი რეგიონების გაძლიერებას.
დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება ძლიერია მაშინ, როცა ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი შანსი, გააჟღეროს საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღოს მნიშვნელოვან მიმდინარე პროცესებში.
USAID აქტიურად მუშაობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ქალებს მიეცეთ საშუალება თავიანთი წვლილი შეიტანონ პოლიტიკური პროცესების, ბიზნესის, მათი თემებისა და ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - ნათქვამია USAID/Georgia-ს ინფორმაციაში.