ევროკავშირი უკრაინას რეფორმების მხარდასაჭერად დამატებით, 400 მილიონი ევროს დახმარების პაკეტს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას დამატებით 400 მილიონი ევროს (440 მილიონი აშშ დოლარი) დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ვიდრე ქვეყანას ფინანსური პრობლემები ექნება, კიევს ევროკავშირი მის პროგრამებში ფინანსური კონტრიბუციის შეჩერებას შესთავაზებს. 

თავის მხრივ, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის მიერ გაწეულმა დახმარებამ 50 მილიარდ ევროს მიაღწია.

15 ევროკომისრისგან შემდგარი დელეგაცია ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით კიევში ხუთშაბათს, 2 თებერვალს ჩავიდა. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ვიზიტი არის უკრაინისადმი კომისიის მხარდაჭერის ძლიერი გამოხატულება რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის ფონზე.

„ეს ასევე არის უკრაინასთან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარასკევს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. 3 თებერვალს უკრაინა ევროკავშირ-უკრაინის 24-ე სამიტს უმასპინძლებს.