ანგარიში, როგორც მოსალოდნელი იყო, არის საკმაოდ პოზიტიური და ევროკომისიის მიერ აღიარებულია საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი თითქმის ყველა მიმართულებით,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებში, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც“, - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, ანგარიში ტექნიკურია და დოკუმენტში 32 სექტორული მიმართულებებიდან, 26-ში საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება.
ამასთან, დარჩიაშვილის განცხადებით, როგორ წესი, ჯერ ხდება შეფასების დოკუმენტის გამოქვეყნება, შემდეგ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თუმცა „ჩვენ შემთხვევაში ეს პირიქით მოხდა, შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო. ევროკომისიას მოუწია ფორსმაჟორულ მდგომარეობაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. სადაც, სამწუხაროდ, საქართველოს პროგრესი სექტორული ინტეგრაციის მხრივ არ იქნა გათვალისწინებული“.
ილია დარჩიაშვილის თქმით, წარმატებით სრულდება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტიც, „რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი გაგზავნილია ვენეციის კომისიაში დასკვნებისთვის. არის რამდენიმე პრიორიტეტი, სადაც ოპოზიციის ჩართულობის და თანამონაწილეობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია პროგრესის მიღწევა".