ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
- საგარეო პოლიტიკა, მიგრაცია, სასაზღვრო კონტროლი, სავიზო კანონმდებლობა - ევროკომისიის ანგარიში
- პაველ ჰერჩინსკი ევროკომისიის ანგარიშზე: ცალკეული მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა
პრეზიდენტი ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკურ ანგარიშზე აღნიშნავს, რომ ეს პოზიტიური შეფასება მისასალმებელია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს.
მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“,- წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ერთ-ერთი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციას ეხება.