ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას და მიუხედავად კრემლის მუქარისა უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება.
ამის შესახებ მან კიევში უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს სამიტს აქვს ორ მკაფიო გზავნილი: პირველი - თქვენთვის და უკრაინელი ხალხისთვის - ევროკავშირი ყველანაირად დაგიჭერთ მხარს. კრემლმა ვერ შეგვაშინა და ვერც მომავალში შეგვაშინებს. იმიტომ რომ ევროკავშირი და უკრაინა ერთი ოჯახია“, - თქვა შარლ მიშელმა.
„მეორე გზავნილია - უკრაინის მომავალი ევროკავშირში. უკრაინელებმა გააკეთეს მკაფიო არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. თქვენი მომავალი ჩვენთანაა, ჩვენს საერთო ევროკავშირში. თქვენი ბედი ჩვენი ბედია“, - დასძინა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ერთ-ერთი რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციას ეხება.