საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა და ეს ევროკომისიამ კითხვარის საბოლოო შეფასებით დაადასტურა - პაპუაშვილი

 საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა და ეს ევროკომისიამ კითხვარის საბოლოო შეფასებით დაადასტურა, - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2022 წლის ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

„ჩვენ ვართ წინ არა მხოლოდ ქულობრივად ვთქვათ, მოლდოვასთან შედარებით, არამედ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან შედარებით, რომელიც დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა. ასე რომ, ჩვენ ამ მხრივ საკმაოდ წელგამართული ვართ. საქართველო, მისი სისტემა, სახელმწიფო მოწყობა, ბიუროკრატია კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა და ყოველი დღე, როდესაც ჩვენ არ გვაქვს კანდიდატის სტატუსი, არის უსამართლობა საქართველოს მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აკლია ერთი რამ - „ყველა პოლიტიკური ჯგუფი ისევე იყოს დარწმუნებული, რომ საქართველოს სტატუსი ეკუთვნის, როგორც ამაში დარწმუნებულია საქართველოს ყველა მოქალაქე“.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.