აშშ-სგან მიღებული გზავნილები ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა - ზალკალიანი

აშშ-სგან მიღებული გზავნილები ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის შეხვედრასთან დაკავშირებით განახხადა.

„თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის აშშ-ში ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი და დროული ვიზიტია. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო და შინაარსიანი შეხვედრა პენტაგონში, აშშ-ის თავდაცვის მდივანთან. ის გზავნილები, რომელიც ჩვენ მივიღეთ აშშ-სგან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უმაღლეს ნიშნულზეა.

ამერიკელმა პარტნიორებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს იმ მხარდაჭერისთვის და იმ კონტრიბუციისთვის, რომელიც საქართველომ და ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა შეიტანეს გლობალური უსაფრთხოების გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღევანდელი უსაფრთხოების გარემო, ის თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს აშშ-სთან, დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტი დინამიზმით იქნება გამორჩეული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.