თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, ნუ, არ მოგვცემენ და თავისთვის დაიტოვონ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
"საქართველოს ხელისუფლება ქართული წესებით ითამაშებს. ჩვენი ხალხის, ქვეყნის და ეროვნული ინტერესებიდან გამოვა. თუ მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება სტატუსის არ მიცემასთან დაკავშირებით მიღებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე, ნუ, არ მოგვცემენ და თავისთვის დაიტოვონ.
ეს არის დადგმული სპექტაკლი, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში „შემოტანით“. ეს რისთვის იყო გაკეთებული, ძალიან ადვილი მისახვედრია. იმიტომ, რომ დაპირისპირება და გადატრიალება მომხდარიყო. იმიტომ, რომ ე.წ. მეგობრებისთვის საქართველოს ხელისუფლება მისაღები არ არის. მისაღები არ არის იმიტომ, რომ ომში არ ერთვება და ყველაფერს იმას აკეთებს, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.