ბრალდებები, რომ ამერიკა ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, ნონსენსია - ვოლკერი

ბრალდებები, რომ ამერიკა ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, ნონსენსია, - ამის შესახებ ამერიკის ყოფილი ელჩი ნატოში და უკრაინის საკითხებში, შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს. 

"ყველა ეს მოვლენა ერთმანეთს უკავშირდება. იქნება ეს რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილების ოკუპაცია, თუ ახლა ეს ძალისხმევა იმისა, რომ კიშინიოვში მთავრობა შეიცვალოს, ამ ყველაფრის უკან რუსეთი დგას.

რუსეთი ცდილობს, რომ გავლენის სფეროები გამოაცხადოს და მთელ რეგიონზე დომინირება მოახდინოს. საქართველოში გვესმის ბრალდებები, რომ ამერიკა ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, რაც ნონსენსია. არავინ ცდილობს ამას. მაგრამ ვფიქრობ, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთი ძალიან საშიშ და მავნე როლს თამაშობს მთელი რეგიონის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა ამ ქვეყანას მხარი დავუჭიროთ სხვადასხვა ტიპის რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში", - განაცხადა ვოლკერმა.