სენატორი შაჰინი„ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: რუსული კანონის მსგავსია

ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არა ამერიკულის, არამედ რუსული კანონის მსგავსია.

ჯინ შაჰინმა საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მსგავსი კანონი მიიღო უნგრეთმაც, რომელთან დაკავშირებითაც ითქვა, რომ ის ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამოა.

„მკაფიოდ ვიტყვი, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი ეს კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების კანონის მსგავსი არ არის. ის რუსული კანონის მსგავსია. მსგავსი კანონი უნგრეთმაც მიიღო და ითქვა, რომ ეს არის შეუსაბამო ევროკავშირის სტანდარტებთან და ადამიანის უფლებების რეალიზებასთან. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობ დემოკრატიის უკუსვლაზე, ესეც იგულისხმება“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.


ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აინიცირებს. 

მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

15 თებერვალს კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

„მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს. იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე: თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში, ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ გამჭვირვალობაში, პირიქით. ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს სასჯელი ხომ არ არის.

რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა პოლიტიკაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას მათ შორის ფინანსური კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან”, – განაცხადა კობახიძემ. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ მედია, რომელსაც ზემოხსენებული კანონპროექტი ასევე ეხება, ისედაც გამჭვირვალეა (კომუნიკაციების კომისიის გავლით), კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებსაც შეეხება. “ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას რეალურად. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ ლაპარაკია ვებგამოცემებზე და ბეჭდურ მედიაზე, ყველაფერზე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2-ის“ ეთერში.

ხსენებულ ინიციტივას ვაშინგტონის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.