მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან.
"პირველი მოსმენით მიღებისთანავე როგორც ქართული, ისევე ამერიკული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ კანონი სამივე მოსმენით [საგაზაფხულო] სესიის ბოლომდე გვინდა მივიღოთ, ვენეციის კომისიისგან მოვითხოვთ დასკვნის დაჩქარებული წესით წარმოდგენას. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ივნისის ბოლომდე მხარს დავუჭერთ და 3-ვე მოსმენით მივიღებთ კანონპროექტის ქართულ ან ამერიკულ ვერსიას", - თქვა ხუნდაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, 20 თებერვალს განაცხადა, რომ მხარს დაუჭერენ „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტს.
მოგვიანებით "ხალხის ძალამ" ალტერნატიული კანონპროექტის სახით წარმოადგინა მეორე ინიციატივა, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის, „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“, პირდაპირი თარგმანია.
"ხალხის ძალის" ალტერნატიული კანონპროექტი ბიუროს სხდომას დღეს, 27 თებერვალს, წარედგინება.