აშშ ამაყობს, რომ მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკს და მის ხელმძღვანელს, რომელიც იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს, რის შედეგადაც მიღწეულია ეკონომიკური სტაბილურობა, - შესაბამისი განცხადება ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან გააკეთა.
ელჩი ეროვნული ბანკის მიერ მოწყობილ ღონისძიებას - „7 წელი საქართველოს ეროვნული ბანკის საუკუნოვანი ისტორიიდან„ ესწრებოდა.
კელი დეგნანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეძლო და მხარი დაუჭირა ეროვნულ ბანკსა და მის ხელმძღვანელს, კობა გვენეტაძეს, რომელიც არის პროფესიონალი და მოქმედებდა დამოუკიდებლად, იღებდა გამბედავ გადაწყვეტილებებს ეკონომიკის სტაბილურობის ინტერესის გათვალისწინებით.
„დღეს წარმოდგენილი სტატისტიკა და ციფრები გვიჩვენებს, თუ რაოდენ პროფესიონალია ბატონი კობა და როგორ დამოუკიდებლად და ეფექტიანად მართავდა ბანკს 7 წლის განმავლობაში, რის შედეგადაც საქართველოში მიღწეულია ეკონომიკური სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა და მიღებული იყო ხანგრძლივ პერსპექტივაში მოქმედები გადაწყვეტილებები.
ასევე, იყო ისეთი ინიციატივები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს ეკონომიკის სტაბილურობაზე, ეს ყველაფერი იყო შესაბამისობაში საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან. მე ვფიქრობ, ეროვნული ბანკი და საქართველო უნდა ამაყობდნენ, რომ ჰყავდათ ასეთი გამოცდილი ხელმძღვანელი, რომელიც დამოუკიდებლად მართავდა ბანკს, მიუხედავად სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციისა, - განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 2 მარტს ეწურება. მანამდე, „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმად, „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება შემოდის და პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, სწორედ მას ეკისრება ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პროცესზე დაკვირვების შედეგად გადაწყვეტენ, დაძლიონ თუ არა პრეზიდენტის ვეტო.