საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის სესიაში მონაწილეობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ასისტენტს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, ერინ ბარკლის შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ წვლილზე საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარების პროცესში.
„დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ გაწეული ძალისხმევა როგორც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მომზადების, ისე 2022-2030 წწ-სთვის ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო სტრატეგიის სამთავრობო დონეზე დამტკიცების თვალსაზრისით.
ასევე, აშშ-ს მხარე მიესალმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს წევრობას 2023-2025 წლებისთვის და გამოთქვა მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლოს ქართულ მხარესთან ორგანიზაციის მიზნების ეფექტიანი განხორციელების გზაზე“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.