აშშ და ყაზახეთი ურთიერთობებს გააძლიერებენ, ბლინკენი ასტანაში ჩავიდა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიიღო. ბლინკენი ასტანაში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

თოყაევმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ყაზახეთმა და აშშ-მ თანამშრომლობა განავითარეს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.

„ჩვენ დავამყარეთ ძალიან კარგი და საიმედო გრძელვადიანი პარტნიორობა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა უსაფრთხოება, ენერგეტიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები. ამიტომ მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა და კიდევ ერთხელ მივესალმები თქვენს ვიზიტს ასტანაში. და ვისარგებლებ შემთხვევით, მინდა გამოვხატო ჩვენი მადლიერება შეერთებული შტატების მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერისთვის ჩვენი დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - განაცხადა თოყაევმა.

„მოუთმენლად ველოდი ამ ვიზიტს. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ორმხრივ დონეზე, დავეყრდნოთ იმ ღირსშესანიშნავ სამუშაოს, რომელიც შესრულდა 30 წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებისა და გაძლიერებისათვის. და ვფიქრობ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით ამ მიმართულებით. ურთიერთობა ძლიერია; ის მხოლოდ გაძლიერდება. ჩვენ ამის ერთგულნი ვართ.

და ვფიქრობ, ეს იქნება ცენტრალური აზიის, მაგრამ ასევე შეერთებული შტატების ხალხის სასარგებლოდ. მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა, რომელიც გვაქვს“, - განაცხადა თავის მხრივ, ენტობი ბლინკენმა.