რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა ელის, რომ 2024 წელს რუსეთში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, ქვეყანაში ფული აღარ იქნება. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ცნობით, დერიპასკამ 2 მარტს კრასნოიარსკის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
მსოფლიოში სიდიდით ალუმინის მესამე მწარმოებლის, RUSAL-ის ერთ-ერთმა თანამფლობელმა განაცხადა, რომ რუსეთს უცხოელი ინვესტორები სჭირდება.
„შიშით ვუყურებ იმ რესურსებს, რომლებიც გასული წლის განმავლობაში ალბათ უსარგებლოდ დაიხარჯა. ადრე ვფიქრობდი, რომ ეს იყო მილიარდები, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ანგარიში უკვე ტრილიონებს აღწევს. მხოლოდ საბაზრო ეკონომიკა, მხოლოდ კონკურენტული გარემოთი დარეგულირებული საკითხები (დაეხმარება ქვეყანას) ...მომავალ წელს ფული აღარ იქნება“, - განაცხადა დერიპასკამ.
მისივე თქმით, ინვესტორებისთვის თუ არ შეიქმნება შესაბამისი პირობები „მხოლოდ ვიოცნებებთ და 2033 წელს იგივე სიტყვებით გამოვალთ“.