„ჩვენი ერი მუდამ დადიოდა ჭეშმარიტების გზით, მუდამ იცავდა მართლმადიდებლობას, და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და, მისი მეთაურობით, ჩვენი ეკლესია და ერი ერთგულია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
„დიდი მარხვის ჟამს ჩვენ უმეტესად ვუკვირდებით ჩვენს ცოდვებს და მარხვას გარკვეული მწუხარებაც ახლავს ამის გამო. წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ ხედვა მხოლოდ საკუთარი ცოდვებისა - ეს არის სახიფათო სულიერი ცხოვრებისთვის, თუ არ ხედავს ადამიანი ამ მეორე ნათელ მხარეს, რაც არის მასში. ეს არის ხატება ღვთისა.
აი, ამას გვაფრთხილებს დღეს ჩვენ წმინდა ეკლესია, თუ რა სიდიადეა ჩადებული ყოველ ადამიანში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საფუძველიც მარხვისა და ჩვენი სულიერი ცხოვრებისა. ასეთია რწმენა ღვთისა და რწმენა ადამიანისა, რომელიც არავის, არცერთ ადამიანს არ აქვს, გარდა ქრისტიანისა, და არცერთი სარწმუნოებას არ აქვს, გარდა ქრისტიანულისა, რომ საფუძველი ჩვენი რწმენისა არის ჩვენი თანაზიარება ღმერთთან, ჩვენი სიდიადე“.
„დღეს მინდა შევახსენოთ, რომ ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ დიდ მოვლენას. 1990 წელს კონსტანტინოპოლში ყოვლად უწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და მისი სახით საქართველოს ეკლესიას გადასცა ისტორიული მნიშვნელობის მქონე ორი სიგელი, რომლებშიც იყო აღიარება V საუკუნიდან არსებული ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიისა, ასევე იყო აღიარება და ცნობა ჩვენი ეკლესიის მეთაურის ტიტულისა, როგორც კათოლიკოს-პატრიარქისა.
ეს იყო უდიდესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში, რომელიც მოხდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უდიდესი ღვაწლით, შრომითა და ავტორიტეტით. მაშინ ხარობდა მთელი ერი, მთელი ეკლესია და ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით აღვნიშნავთ ამ დღეს. მადლობას ვუხდით ყოვლად უწმინდეს დიმიტრიოსს და ვიხსენიებთ მის ნეტარ სულს.
რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდით ჩვენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომლის მოღვაწეობაში ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. მაშინ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ასეთი სიტყვები ბრძანა, რომ ეს მოვლენა გახლავთ საბოლოო აღიარება ჩვენი ავტოკეფალიისა, რომელსაც ამიერიდან ვერავინ ვეღარ ხელყოფს, ვერავინ ვეღარ უარყოფს და ვერ შეეხება“, - განაცხადა მეუფე შიომ.