არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE) და იტალია თავიანთი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აბუ დაბიში არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანისა და იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის შეხვედრის დროს გახდა ცნობილი. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნებს საშუალებას მისცემს, „საერთო ძალისხმევა მიმართონ პოლიტიკური, დიპლომატიური, საერთაშორისო, ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობისა და პირდაპირი ინვესტიციების გაფართოებისა და გაღრმავებისკენ“.
ქვეყნები ასევე „გააძლიერებენ თანამშრომლობას ემისიების შემცირების, ახალი ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და დაბალი ნახშირბადის გადაწყვეტილებების სფეროებში“.
„შეთანხმება ასევე გააძლიერებს „ორ ქვეყანას შორის გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას, გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და დააჩქარებს დაბალი ნახშირბადის ეკონომიკურ და ინდუსტრიულ ზრდას“, - ნათქვამია განცხადებაში.
მელონი პირველი ვიზიტით ეწვია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა 2022 წლის ოქტომბერში.