ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არცერთი დეპუტატი არ წასულა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ლევან იოსელიანს ვადაზე ადრე შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება. დადგენილება კი, ამოქმედდება მიღებისთანავე.
„ბატონო ლევან, გილოცავთ სახალხო დამცველად არჩევას და გისურვებთ წარმატებულ სამსახურს ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. მან 96 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო.
დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში, ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან რთულ მომენტში, დამეკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ და ყველას, ვინც ნდობა გამოხატეთ ჩემს მიმართ მინდა მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველად არჩევის შემდეგ.
ომბუდსმენად არჩევის შემდეგ, მან საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა სამ პოლიტიკოს ქალს, რომლებმაც მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.
„ტრიბუნაზე გამოვედი მხოლოდ იმის სათქმელად, რომ სამ მამაც ქალს გადავუხადო მადლობა: თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის განმავლობაში უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს იმისთვის, რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა. ეს იყო მათზე განხორციელებული „ბულინგი“ და მიუხედავად ამისა, მათ უერთგილეს თავიანთ სიტყვას და პრინციპს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში. ქალების, რომლებიც ბევრად უფრო მამაცები არიან, ვიდრე კაცები, რომლებიც აქ უბრალოდ იმიტომ არ სხედან, რომ ვერ შემომხედავდნენ თვალებში“, - განაცხადა იოსელიანმა.
კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს შალვა შავგულიძემ, სალომე სამადაშვილმა, რომან გოცირიძემ და ანა ნაცვლიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობა“ და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია - „საქართველოსთვის“ სხდომას არ ესწრებოდნენ.