ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მოქალაქეებთან საუბარი და კანონპროექტის მიზნების განმარტება არ ნიშნავს, რომ კანონპროექტი ან გაწვეული აღარ არის, ან უარს არ ამბობს მასზე.
ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც კანონპროექტის გაწვევის თაობაზე გავრცელებულ განცხადებაში ერთი პუნქტის განმარტება სთხოვეს. კერძოდ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადებაში წერია: „ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით“.
- „პოლიტიკური განაცხადი, რასაც პასუხისმგებლობის დიდი ხარისხი ახლავს, და საზოგადოება მსგავს საკითხებს ასე არ ატარებს, ეს ვიცით, ხომ?! რამხელა პოლიტიკური რისკი ახლავს, შეიძლება, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლება დამთავრდეს ასეთი საკითხების გადათქმის დროს, მაგრამ ერთ ადამიანს გულწრფელად აღქმაშიც რომ დარჩეს, თითქოს კანონპროექტი შეიძლებოდა, რუსულ საქმეს მომსახურებოდა, უნდა აუხსნა, სინამდვილეში რა ეწერა“.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „პრინციპულად მნიშვნელოვანია, ერთი ადამიანის აღქმაშიც არ დარჩეს, რომ ეს კანონი შეიძლებოდა, რუსულ საქმეს მომსახურებოდა“.
„ღირსებით ევროპისკენ – ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი“, - აღნიშნა მდინარაძემ.
„გულწრფელად გეტყვით და ხედავთ, ჩვენი რეაქციები ამაზე რამდენად მძაფრია – ერთი ადამიანის აღქმაშიც კი რომ დარჩეს, (საქართველოს უმრავლესობა ასე არ ფიქრობს, გარანტირებულად გეუბნებით) რომ ეს შეიძლებოდა, რუსულ საქმეს მომსახურებოდა, მას აუცილებლად უნდა აუხსნა, სინამდვილეში რა ეწერა იმიტომ, რომ რა აღმოვაჩინეთ, იცით?
ამის გამპროტესტებელი ადამიანებიდან 99-ს კი არა, თითქმის 100 პროცენტს წაკითხულიც არ ჰქონდა, რაზე იყო ის რამდენიმე წინანდადება, რომ მხოლოდ დეკლარირების ვალდებულებას და ამის უარყოფის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ჯარიმას შეეხებოდა - ეს არ იცოდა ბევრმა, წაკითხულიც არ ჰქონდა, იმდენად ჰქონდა თავში გამჯდარი რაღაც ცრუ ნარატივი, რომელიც ალაგეთ დღეების განმავლოვაში ჯერ კიდევ დაუწერელ კანონზე.
და ერთ ადამიანსაც კი ეს განცდა რომ არ დარჩეს, ესეც კი მნიშვნელოვანია, ჩვენთვის იმდენად პრინციპულია, რომ უნდა ვიაროთ ევროპისკენ ღირსებით, ჩვენი ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით და რაიმე მსგავსი, ამ საკითხებთან დაკავშირებული რისკების გამორიცხვით.
ღირსებით ევროპისკენ – ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი, რაც გვინდა, საბოლოო ჯამში, ვუთხრათ საზოგადოებას არამხოლოდ ამ საკითხიდან გამომდინარე, ზოგადად და რაც ჩვენ მიერ იქნა თავის დროზე კონსტიტუციაში ასახული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დამდგარიყო.