ევროკავშირი უკრაინის გაწევრიანების მიმართულებით პროგრესს მაისში შეაფასებს

ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის გაწევრიანების მიმართულებით პროგრესს მაისში შეაფასებს.

სტეფანიშინას თქმით, შუალედური ზეპირი შეფასება სავარაუდოდ, ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე მოხდება.

სტეფანიშინას შეფასებით, უკრაინის პარლამენტი ასევე მიიღებს კანონს უკრაინის სარეკლამო ბაზრის სტრუქტურირების შესახებ, რომელიც „კიევს საშუალებას მისცემს, განაცხადოს მედიის რეფორმის კრიტერიუმების შესრულების შესახებ“.

მისივე თქმით, შუალედურ შეფასებამდე უკრაინა დაასრულებს თითქმის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილებას.

„რამდენიმე ბლოკი უკვე დასრულებულია პოლიტიკურად, რჩება ტექნიკური საკითხები... ეროვნული უმცირესობების შესახებ კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებული ამოცანები დარჩება (დასასრულებელი)".

ვიცე-პრემიერის თქმით, უკრაინის მთავრობა მიზნად ისახავს ოლიგარქების გავლენის შემცირებას ანტიმონოპოლიური და ანტიკორუფციული ღონისძიებებით.