სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ქართველების მომავალი ევროკავშირშია.
ევროკომისარი აცხადებს, რომ ახლა 12 პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელებაა საჭირო.
“წინა კვირის განმავლობაში ათასობით ქართველმა ისარგებლა უფლებით, მშვიდობიანად გაეპროტესტებინათ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის დამტკიცება.
ქვეყნის მასშტაბით ქალები და კაცები ქუჩაში გავიდნენ, ეჭირათ ევროკავშირის დროშები, რათა დემოკრატიისადმი, ევროპული ღირებულებებისადმი და საქართველოს ევროკავშირისკენ გზისადმი მათი ერთგულება გაეხსენებინათ.
ამ დემონსტრაციის შემდეგ მმართველმა პარტიამ წინა ხუთშაბათს თავი გადაწყვეტილება დააანონსა, გაეწვია ეს კანონი, რომელიც პარლამენტის მიერ შემდეგ დღეს იქნა ჩაგდებული. ორივე კანონპროექტის გაწვევა გამამხნევებელი და პოზიტიური ნიშანია. ქართველების მომავალი ევროკავშირშია.
წინა ივნისს მიცემულმა ევროპულმა პერსპექტივამ ევროპული გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში უფრო ახლო ურთიერთობების კურსი ჩამოაყალიბა, რომელიც ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გრძელვადიან თანამშრომლობას ეყრდნობა.
ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ, მათი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატა. მთავრობამ მსგავსი გზავნილები გაავრცელა, ახლა კი ადგილზე ქმედებების დროა.
რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვაღიარებთ, ახლა ევროკომისიის მიერ ჩამოყალიბებულ 12 პრიორიტეტზე მუშაობის გაგრძელება არის საჭირო - სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერება, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტების დაკმაყოფილება საკვანძო პრიორიტეტებია”, - განაცხადა ვარჰეიმ IPN-ის ცნობით.