დანილოვის თქმით, საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიების რუსული ჯარისგან გათავისუფლება უკრაინის საქმე არ არის

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ საქართველომ და მოლდოვამ დამოუკიდებლად უნდა მოიშორონ რუსული ჯარების გავლენა და ყოფნა მათ ტერიტორიაზე. ამის შესახებ დანილოვი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს.

  • „ეს ქართველები უნდა გააკეთონ, ეს უნდა გააკეთონ მოლდაველებმა. თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ტერიტორია უშუალოდ მათ ეკუთვნის“, - განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, ქვეყნები, რომლებზეც რუსეთის ფედერაციას აქვს გავლენა და სადაც რუსეთის ფედერაცია იმყოფება, ვერ განვითარდებიან.

„მაგალითად, მოლდოვა, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ამ ტერიტორიას განვითარების პერსპექტივა ექნება, სანამ ის რუსი ოკუპანტისგან არ გათავისუფლდება.

საქართველოს მაგალითი. 2008 წელს, როდესაც ეს ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე შევიდნენ, მოახდინეს საქართველოს ნაწილის ოკუპაცია - მსგავსი სიტუაციაა. ტერიტორია აბოსოლუტურად დანგრეულია ის ვერ ვითარდება და არ ექნება განვითარების პერსპექტივა, ვინაიდან ასეთ ტერიტორიებზე, სადაც ტერიტორიული საკითხი გაურკვეველია, ფულს არავინ ჩადებს“, - განაცხადა ოლექსი დანილოვმა.

ამასთან მან „უცნაური“ უწოდა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო შეთანხმებაში უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ პუნქტი.

„მაშინ თქვით, რომ ეს არ არის ჩვენი ტერიტორია, მაგრამ თქვით ეს საჯაროდ მთელი მსოფლიოს გასაგონად. ეს ბიზანტიური სტილი, რომელიც პოლიტიკაში გარკვეულ დრომდე არსებობდა, წარსულს უნდა ჩაბარდეს“, - განაცხადა დანილოვმა.