თბილისში ვიზიტით მყოფმა, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისევე, როგორც უკრაინაში, საქართველოს მოსახლეობის უფლებაა, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ბედი გარე ჩარევისგან დამოუკიდებლად.
„ეს უფლება დაცული უნდა იყოს. ამიტომაც, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ თქვენი მედეგობა რუსული ჩარევისადმი“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე თქმით, საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორია გაერთიანებული სამეფოსთვის.
„საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორი გაერთიანებული სამეფოსთვის. ჩვენი ქვეყნები ძალიან მყარ ურთიერთობაზე დგანან ბოლო 30 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინეთ.
ხანგრძლივი პერიოდი გავიარეთ ორმხრივი თანამშრომლობის თვალსაზრისით და მაქსიმალური სარგებელი მივიღეთ ჩვენი ისტორიული კავშირებიდან. მახსოვს იმ დროს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ ტეტჩერი, მახსოვს მისი ვიზიტი თქვენს ქვეყანაში, 4 წლის შემდეგ მოხდა საბჭოთა კავშირის ნგრევა.
თქვენი სურვილი და მისწრაფება თავისუფლებისა და მისწრაფება თვითგამორკვევისთვის იმ დროსაც ნათელი იყო და ახლა კიდევ უფრო ძლიერი გახლავთ", - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და რუსეთს მოუწოდა, შეასრულოს თავისი ვალდებულები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში.
„რუსეთის შეჭრამ 2008 წელს საქართველოში, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ყოფნამ ძალიან ღრმა ადამიანური ტანჯვა გამოიწვია, გაყო ქვეყანა, გაყო ოჯახები, შეზღუდა წინაპრების მიწაზე და წმინდა რელიგიურ ადგილებზე წვდომა.
ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ მხარდაჭერას თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში.
ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრინციპულ მხარდაჭერას ჩვენი საერთო მეგობრის, უკრაინის მიმართ, როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით, ისე ძალიან ბევრი უკრაინელი დევნილის მიღებით, რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა ოჯახები რუსული აგრესიის გამო“, - აღნიშნა კლევერლიმ.