16 მარტს, საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია. მან დღეს შეხვედრები გამართა ქართველ კოლეგასთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან. განცხადებები ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. ვიზიტის შესახებ კი თავად კლევერლიმ Twitter-ზე ცოტა ხნის წინ დაწერა.
„დღეს თბილისში ვიმყოფები მკაფიო მიზნით. დავაფიქსირო დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის სიძლიერეს, მედეგობასა და დემოკრატიულ ნებას“, - წერს გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი.
როგორც ცნობილია, ვიზიტის პროგრამის მიხედვით, კლევერლი საოკუპაციო ხაზსაც უნდა ეწვიოს.